თუ რუსეთი ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს გამოყენებისთვის მზადყოფნაში მოიყვანს, აშშ უკრაინას მიაწვდის მასალებსა და აღჭურვილობას, - ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლა დაადასტურა.
POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ ჩქარობს უკრაინელ სამოქალაქო პირებს გაზის ნიღბები, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და სხვა მასალები მიაწოდოს, თუმცა კიევმა შეიძლება ამ დამცავი საშუალებების სამხედროებისთვის გაგზავნა გადაწყვიტოს.
გამოცემის ცნობით, გაურკვეველი რჩება თუ რამდენი მსგავსი აღჭურვილობაა უკვე გაგზავნილი შეერთებული შტატების მიერ უკრაინაში ან მთლიანობაში რამდენის გაგზავნა იგეგმება.
როგორც ჩანს, აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მკაცრი წინააღმდეგობის გასატეხად ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებას გასცემს.
აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსეთი ცრუ დროშის ოპერაციას გეგმავს, რადგან კრემლმა უსაფუძვლო ბრალდებები წამოაყენა შეერთებულ შტატებისა და უკრაინის მიმართ ბიოიარაღთან და ქიმიურ თავდასხმებთან დაკავშირებით.