თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება. პროექტი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და მის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას ითვალისწინებს.
აღნიშნული ობიექტი მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს, კერძოდ - წალკას, დმანისს, თეთრიწყაროს, მარნეულსა და ბოლნისს. ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელები, ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.
ანგარიშის მიხედვით, ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და ოპერირება საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება, რაც რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
„ქვემო ქართლის ნარჩენების პროექტი“ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.