პუტინის და ბაიდენის შეხვედრის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული რუსული ჰაკერული ჯგუფი REvil, რომელიც ამერიკულ ობიექტებს ხშირად უტევდა, მოულოდნელად ოფლაინ-რეჟიმში გადავიდა.
გაურკვეველი რჩება - ვინ გააკეთა ეს?
ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საქონლის ხორცის უმსხვილეს ამერიკულ კომპანიაზე კიბერშეტევა სწორედ ამ ჯგუფმა განახორციელა. ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ REvil-მა აიღო პასუხისმგებლობა კიდევ ერთ თავდასხმაზე, რომელიც შტატებში და ევროპაში ათასობით კომპანიას შეეხო.
სწორედ ამ შეტევის შემდეგ, რომელიც 4 ივლისს შედგა, ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით გაესაუბრა და მისგან გადამჭრელი ზომების მიღება მოითხოვა - შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგას დაპირდა, რომ წინაამღდეგ შემთხვევაში ამერიკული მხარე ჰაკერების სერვერებს თავად გათიშავს. შესაძლოა, სწორედ ასეც მოხდა.
თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შესაძლო ახსნაა. ზოგადად, 3 თეორია არსებობს, რომელიც REvil-ის უეცარ გაქრობას განმარტავს.
პირველის თანახმად, ჯგუფის დაბლოკვის ბრძანება ჯო ბაიდენმა გასცა. აშშ–ის კიბერ-სარდლობას ამის შესაძლებლობა აქვს და მსგავსი ზომებისთვის მას არაერთხელ მიუმართავს.
მეორე გულისხმობს, რომ ჰაკერული ჯგუფების შეჩერების ბრძანება თავად პუტინმა გასცა - ეს იქნებოდა ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ პოზიტიური ჟესტი. თანაც REvil გაქრა ჟენევაში კიბერ-უსაფრთხოების საკითხებში დაგეგმილ შეხვედრამდე, რომელიც ამ დღეებში გაიმართება.
მესამე თეორიის თანახმად, დროებითი გაუჩინარების თაობაზე გადაწყვეტილება თავად ჰაკერულმა ჯგუფმა მიიღო, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ის ზედმეტი ყურადღების ცენტრშია და ოფლაინ-რეჟიმში გადასვლა თავად გადაწყვიტა.
ასეთი პრეცედენტი უკვე იყო - მაგალითად, მეორე რუსული ჰაკერული ჯგუფი DarkSide, რომელიც ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე შეტევის შემდეგ ინტერნეტიდან თავად გაქრა.
თუმცა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს ციფრულ სპექტაკლს და ამ ჯგუფების ყველაზე გამოცდილი და ნიჭიერი წევრები ისევ შეიკრიბებიან სხვა სახელით.
კიბერ-უსაფრთხოების კომპანიის Recorded Future-ს ანალიტიკოსი ალენ ლისკა მიიჩნევს, რომ REvil-ის გაქრობა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.
„ამ ბიჭებს ტრაბახი ძალიან უყვართ, აქ კი არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ ყველაფერი ზეწოლის ქვეშ მიატოვეს“, - მიიჩნევს ლისკა.
REvil-ის დახურვა ბაიდენს და პუტინს იმის თქმის შანსს აძლევს, რომ ამ პრობლემას აქტიურად ებრძვიან, თუმცა პრობლემად რჩება ჰაკერების მიერ დაბლოკილი კომპანიებისთვის, რომლებმაც მუშაობა ვერ განაახლეს.
სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში ჯო ბაიდენი კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის ახალ ტალღას წამოიწყებს, მაგრამ, სავარაუდოდ, მას წითელი ხაზების გადაკვეთა მოუწევს - ის არაერთხელ აცხადებდა, რომ „ცუდ ბიჭებს“ თავად შეუტევს და შესაძლოა, ამის დემონსტრირების დროც მოვიდეს.
ეს რთული საქმე იქნება ბაიდენისთვის, რადგანაც მას საპასუხო შეტევების ღიად და საჯაროდ ორგანიზება მოუწევს, ეს კი ბევრ პრობლემას წარმოშობს.
nytimes.com