ამერიკის ავღანეთში და ერაყში წარუმატებელმა სამხედრო შეჭრამ, 2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა, დღევანდელმა პანდემიამ და ამერიკის სამრეწველო ბაზის დანგრევამ ამერიკელების თვითდაჯერებულობა მნიშვნელოვნად შეარყიეს.
ასევე მსოფლიოს რწმენა და ნდობა ამერიკისადმი შესუსტდა და შედეგად ჩინეთი, რუსეთი და ირანი ვაშინგტონს საერთაშორისო არენაზე უპირისპირდება. ამ ვითარებაში ხშირად კითხვა ისმის - რამდენად ჰყოფნის შტატებს ენერგია, რესურსები და მოკავშირეები ახალი გეოპოლიტიკური შერკინებისთვის?
არის კი ამერიკა მზად მიიღოს გამოწვევა? რაც შეეხება აგრესიულ და სულ უფრო ნაციონალისტურ რუსეთს და ირანს, მათი აგრესიის შეჩერება გონივრულ ფასად და ტრადიციული მოკავშირეების მეშვეობით სრულიად შესაძლებელია.
თუმცა, ჩინეთი სულ სხვა საქმეა. პეკინი დღეს რეალურად ამერიკის სრულფასოვანი კონკურენტია სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი არსებობს - ჩინეთის მთავრობის და მაღალტექნოლოგიური კომპანიების ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ჩიპების და მიკროპროცესორების წარმოების აწყობა ვერ შეძლეს.
მაგრამ ჩინეთისგან სულ რამდენიმე კილომეტრში არის მსოფლიოში მიკროსქემების ყველაზე მსხვილი და მაღალტექნოლოგიური მწარმოებელი - Taiwan Semiconductor Manufacturing Company.
აშშ-ს კონგრესის კვლევითი ჯგუფის ინფორმაციით TSMC მსოფლიოში მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიების სამეულში პირველ ადგილს იკავებს -მე-2 და მე-3 პოზიციებზე Samsung და Intel არიან.
მიკროსქემების დამამუშავებლები, ისეთები, როგორც IBM, Qualcomm, Nvidia, AMD, და გარკვეულწილად Intel სადღეისოდ თავიანთი მიკროსქემების წარმოებისთვის სწორედ TSMC-ს და Samsung-ს იყენებენ.
თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის რომ 3 კომპანია, რომელიც TSMC-სთვის ინსტრუმენტებს და პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებენ - Applied Materials, Lam Research Corporation და KLA Corporation – სწორედაც ამერიკულია.
ასე რომ ამერიკას სერიოზული ბერკეტები გააჩნია იმისთვის, რომ TSMC-მა ჩინელების შეკვეთების შესრულება ვერ შეძლოს.
სწორედ ამიტომაც ჩინეთს დღეს ტაივანის დაპყრობა სურს, ამას არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მოტივები გააჩნია - პეკინს სურს, რომ მიკროჩიპების წარმოებას მის ჯიბეში იყოს.
თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში ის, ვინც მიკროსქემების წარმოებას აკონტროლებს, ბევრი რამის გაკონტროლება შეუძლია.
ამიტომაც ბოლო წლებში ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობის შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ, თუმცა, ვაშინგტონს საკმარის ბერკეტები გააჩნია იმისთვის, რომ ეს საუბრები საბოლოოდ საუბრებად დარჩეს.
Nytimes.com
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ