რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, აფეთქების სპონსორი უკრაინის მოქალაქე იყო, რომელიც არ არის დაკავშირებული ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The times წერს, გამოცემის ცნობით დივერსიის ორგანიზება უკრაინელის კერძო ინიციატივა იყო. მან საკუთარი ხარჯებით გადაიხადა იახტის ქირა, დაიქირავა ელიტური მყვინთავები, დააფინანსა ყალბი პასპორტები და კუმულაციური ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც მხოლოდ ნავთობისა და გაზის მრეწველობისთვისაა ხელმისაწვდომი. სტატიაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთის ქვეყნის სპეცსამსახურები ამ უკრაინელს იცნობენ, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებენ, რადგან იარაღის მიწოდების მოლაპარაკებების ფონზე უკრაინასა და გერმანიას შორის კონფლიქტის პროვოცირება არ მოხდეს.
უკრაინის ხელისუფლებამ უარყო დივერსიასთან კავშირი. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი პუბლიკაციებს კოორდინირებული დეზინფორმაცია უწოდა.
2022 წლის სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ცნობები „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე აფეთქებების თაობაზე. მეორე გაზსადენი ჯერ არ იყო ექსპლუატაციაში შესული, ვინაიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ რუსეთიდან გერმანიაში რუსული გაზის მიწოდების მთავარი მაგისტრალი იყო. გერმანიიდან გაზი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა.