ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Theneo-მ აშშ-ის მხარდაჭერით 1.5 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ფეისბუქ გვერდზე წერს და საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანისა და Theneo-ს დამფუძნებლის ანა რობაქიძის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
„ქართველი ინჟინერი ქალის, ანა რობაქიძის დიდი წარმატება ერთად აღვნიშნეთ. მისმა კომპანია Theneo-მ საქართველოში მოპოვებული აღიარების შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერით $1.5 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. ანა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს განვითარებას,“ — ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკული სტარტაპი Theneo, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვებ-სამიტის კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და წამყვანი კომპანიებისა და სტარტაპების წარმომადგენელი ესწრებოდა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც API-დოკუმენტაციის შექმნაა შესაძლებელი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა