„როგორც გენერალური პროკურორი, გატყობინებთ, რომ უკრაინაში თქვენი საპროცესო სტატუსია – ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურორები თქვენს საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დააინიცირებენ“, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა, რუსეთში მცხოვრებ ქართველი ჟურნალისტის თინა კანდელაკის შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ მას შემდეგ რაც თინა კანდელაკმა გამოთქვა აზრი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა უნდა დატოვოს და მისი ადგილი ვიქტორ იანუკოვიჩმა უნდა დაიკავოს, კანდელაკის Telegram-ის პირადი არხი შეისწავლა და დაასკვნა, რომ კანდელაკი კრემლის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია.
„საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღიძრა, რომელიც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივად შეცვლა, სამთავრობო ძალაუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა. ერთადერთი რაც მინდა მინდა გთხოვო, ეს არის – მოძებნე კარგი იურისტები და დახმარებისთვის არ მიმართო იმათ, ვინც ცრუ და მავნებლური ინფორმაციის გავრცელებას გავალდებულებს. ისინი სიმართლეს არ გიტყვიან. სიმართლე კი ის არის, რომ როდესაც სხვა სახელმწიფოების საზღვრების გადაკვეთას შეეცდებით, შესაბამისი ორგანოები უკრაინაში ექსტრადაციის მიზნით დაგაკავებენ“,- წერს ვენედიქტოვა.