ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა რუსულმა Tinkoff Bank-მა,საქართველოში უცხოური ვალუტის გადმორიცხვები შეაჩერა, თუმცა აცხადებს, რომ შეზღუდვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა rbc ავრცელებს.
როგორც გამოცემას ბანკში განუცხადეს, საქართველოში გადარიცხვების შეჩერების მიზეზი კორესპონდენტი ბანკის მიერ ტრანზაქციებზე უარის თქმაა.
„სამწუხაროდ, ამ დროისთვის ქართულ ბანკებში გადარიცხვები არ გვაქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენმა კორესპონდენტმა [ბანკმა] საქართველოში გადარიცხვების დამუშავება შეაჩერა“, – აცხადებენ ბანკში.
ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად , დოლარისა და ევროს საზღვარგარეთ გადარიცხვის შესაძლებლობა შეზღუდულად, მაგრამ კვლავ შენარჩუნებულია, დოლარის გაგზავნა შესაძლებელია ზოგიერთ ბანკში აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ჩინეთში, ყირგიზეთში, მონღოლეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ევრო - მხოლოდ ჩინეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკს. ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მათ ტრანზაქცია ნებისმიერ ვალუტაში შეუძლიათ, თუმცა ურჩევს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუბლი გამოიყენონ.