Subway–ს რესტორნების ქსელს ახალი პრობლემა აქვს: The New York Times–ის დამოუკიდებელმა გამოძიებამ ირიბად დაადასტურა, რომ პოპულარულ სენდვიჩში ჩადებული თინუსი არ აღმოჩნდა რეალური თინუსი. გამოძიების შედეგი თანხვედრაშია აშშ–ში მიმდინარე წელს გაკეთებულ კოლექტიურ სარჩელთან. გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პროდუქტში არც პურია პური.
ამის შესახებ The New York Times წერდა.
ამ თემაზე „კომერსანტი“ საქართველოში Subway–ს წარმომადგენელს გივი ორდენიძეს დაუკავშირდა, რომელიც ქსელისადმი წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქართული ქსელი ევროპის დაქვემდებარებაშია და აქ მხოლოდლ ევროპული, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შემოდის. თუმცა, მანამდე ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს თინუსის სენდვიჩის ირგვლივ აშშ–ში აგორებული დავა.
კვლევის ავტორმა ამ სენდვიჩებიდან აღებული თინუსის ნიმუშები დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გაგზავნა იმისათვის, რომ დაედგინათ, თინუსის რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა ისინი. თავად Subway ირწმუნება, რომ მისი პროდუქცია არა მხოლოდ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს მთელ მსოფლიოში, არამედ პრემიუმ სახეობის თევზებისგან – ზოლიანი და ყვითელფარფლიანი თინუსის ხორცით კეთდება (მაიონეზით).
ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან კომპანიას კოლექტიური სარჩელით იანვარში მიმართეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ სენდვიჩში ჩადებული მასალა თინუსი არ არის, თუმცა პროდუქტი მაღალ ფასად იყიდება. თუ ეს დამტკიცდება, Subway–ს გაყიდული თითოეული ასეთი სენდვიჩისთვის მოუწევს კომპენსაციის გადახდა.
Subway უკვე ათწლეულია, რაც სტაგნაციაშია. გაყიდვები 2012–2017 წლების პერიოდში მეოთხედით შეუმცირდა. პანდემიურმა წელმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ კომპანიის ბიზნეს–მოდელი (სენდვიჩის მომხმარებლის თვალწინ აწყობა) სუსტია, თანაც იჩქარეს პანდემიის გამო დაცარიელებულ სავაჭრო ცენტრებში თავისი ობიექტების გახსნა. შედეგად, ქსელმა მხოლოდ აშშ–ში რესტორნების 10% დაკარგა. თუმცა, Subway ფასტფუდის ბაზარზე მსოფლიოში დღემდე ლიდერობს – 40 000 რესტორნით მსოფლიოს 100 ქვეყანაში.
ნამდვილად არ არის პური, არც თინუსია საუკეთესო
The New York Times–ის დაკვეთით სენდვიჩის დეენემის პისიარ მეთოდით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ანალიზმა ვერ დაადგინა, რომელი თევზის ხორცი იდო პროდუქტში. „ნიმუშებში არ აღმოჩნდა ფრაგმენტები, რომელთა დეენემის თინუსის დეენემთან იდენტიფიცირება მოხდებოდა. ასე რომ, ჩვენ ვერ დავადგინეთ თევზის სახეობა“, – ნათქვამია ლაბორატორიის დასკვნაში. სპეციალისტების განმარტებით, აქ ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ან თევზი იმდენად ძლიერადაა გადამუშავებული, რომ მასალისგან შეუძლებელი ხდება დეენემის ამოღება, ან ნიმუშში ნამდვილად არ არის თინუსი. Subway–ს ამ შედეგების კომენტირებაზე უარი განაცხადა.
დიდი ალბათობით, პირველი ვარიანტია, წერს The New York Times: მომზადების დროს დეენემის გაქარვება სავსებით ბუნებრივია, ხოლო სხვა დამოუკიდებელმა ანალიზებმა თინუსის დეენემის არსებობა დაადგინეს, თუმცა სახეობის ვერა. საგულისხმოა, რომ თავისი პოზიციები ორმა მოსარჩელემ შეარბილა: ივნისში განახლებულ სარჩელში ისინი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ სენდვიჩში არ არის „100%–ით ზოლიანი და ყვითელფარფლიანი თინუსი“.
ასეთი ფორმულირების პირობებში Subway–ს არ გაუჭირდება ამ პრობლემის მომარაგების ჯაჭვისთვის გადაბრალება, ნათქვამია გაზეთის სტატიაში. თევზის სახეობის შეცვლა სეინერიდან ვაკუუმირებულ პაკეტებამდე გადამუშავების პროცესში, რის შემდეგაც თინუსის მზა ფილე რესტორანში შედის (და ერევა მაიონეზში) – ჩვეულებრივი ამბავია. კომპანიისთვის არახელსაყრელია ნატურალური თევზის რამით ჩანაცვლება, ხოლო ქსელში მომუშავეებს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებთ: „დიახ, გვეკითხებიან და ჩვენც ვპასუხობთ: „არ ვიცი. რომელ ყველს ინებებთ?“, – ამბობს Subway–ს ერთ–ერთი თანამშრომელი.
გასულ წელს ირლანდიის სასამართლომ დაადგინა, რომ Subway–ს სენდვიჩების პური ევროპული განსაზღვრით პურს არ წარმოადგენს: მასში ფქვილის წონის 10% შაქარს უკავია. ამ დავის მიზანი ქსელის ფრანჩიზაზე გადასახადის შემცირება იყო: თუ დამტკიცდებოდა, რომ ეს ნამდვილად პური იყო და კვების ძირითადი პროდუქტი, მაშინ კომპანია დღგ–სგან გათავისუფლდებოდა.
რა ხდება Subway–ს ქსელში საქართველოში?
რამდენად ეხება აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში არსებულ Subway-ის რესტორნების ქსელს, საიდან იღებს ქართული Subway პროდუქციას და ხომ არ ასახულა აღნიშნული ფაქტი მომხმარებლის ქცევაზე და საქართველოში Subway-ის სენდვიჩების გაყიდვებზე. „კომერსანტის“ ამ კითხვებს საქართველოში Subway–ს წარმომადგენელი გივი ორდენიძე პასუხობს.
მისი თქმით, თინუსი, რომელსაც საქართველოს ბაზარზე გამოიყენება, 100% ით თინუსია და მისი დაჭერა წესების სრული დაცვით ხდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, საქართველოში არსებული რესტორნების ქსელი ევროპის დაქვემდებარებაშია, შესაბამისად რესტორნების მომარაგებაც ევროპის ბაზრიდან ხდება.
„ეს შემთხვევა მოხდა აშშ-ში, გარკვეულმა პირებმა უჩივლეს Subway - ის, რომ თინუსის სენდვიჩში არ არის თინუსი, მათი ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო და არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ამისა არ გააჩნიათ, არც ერთ ორგანოს იქნება ეს ამერიკის კვების მარეგულირებელი ორგანო თუ სხვა , მსგავსი დასკვნა არ დაუდია და მათი ბრალდება არ გაუმყარებია. ასევე Subway - ის ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ ეს ბრალდება არის დეზინფორმაცია და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პროდუქტში რასაც მოვიხმართ საქართველოში და რასაც Subway- ის რესტორნები ევროპაში და ამერიკაში მოიხმარენ არის თინუსი, კონკრეტულად ეს არის „კიპჯექტთუნას“ ჯიში , უფრო მეტიც ამ თინუსის დაჭერა, ხდება თვეზჭერის სპეციალური , მკაცრი წესების გათვალისწინებით, რომელიც ნაკლებად ვნებს გარემოს და თვითონ ამ თევზის გამრავლების პროცესს.
აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, რასაც Subway-ის ბრენდი ყიდულობს, ბრენდი ყურადღებას აქცევს, თუ როგორ არის ეს პროდუქტი მოპოვებული
ჩვენ რა თინუსსაც ევროპაში მოვიხმართ, სხვა პროდუქტია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამერიკაში სხვა პროდუქტს მოიხმარენ, ჩვენ პროდუქციას ვიღებთ ევროკავშირიდან და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირის ქვეყანაში ვინმემ მოიხმაროს პროდუქტი, რომელიც არ იქნება ხარისხიანი და არ ასახავდეს იმას, რაც შეფუთვას აწერია, შეფუთვას აწერია, რომ ეს არის მხოლოდ თინუსი და წყალი.
ჩვენი მომარაგება 7 წლის განმალობაში ხდებოდა გერმანიაში, შტუტგარტთან არსებული საწყობიდან, რომელიც Subway-ის ოფიციალური საწყობია და ამჟამად ჩვენი მომარაგება ხდება ბუდაპეშტთან არსებული საწყობიდან. შეიძლება ითქვას, რომ მომარაგება ხდება ბუდაპეშტიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ შედის ევროკავშირში, ჩვენ შევდივართ Subway-ს ევროპის ოფისის დაქვემდებარებაში და შესაბამისად, ჩვენზე ვრცელდება ის წესები, რაც ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში“, - აღნიშნა გივი ორდენიძემ.
რაც შეეხება გაყიდვებს და მომხმარებლის ქცევას, ორდენიძემ აღნიშნა, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მომხმარებელთა ქცევა არ შეცვლილა და პირიქით – ბოლო სამ თვეში Subway-ის გაყიდვები სამჯერ არის გაზრდილი.
„ეს ინფორმაცია ჩვენ მომხმარებელზ ე არანაირად არ ასახულა, ჩვენ აპრილ–ივნისში გაყიდვების საკმაოდ სერიოზული ზრდა გვაქვს. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთ რესტორანში 2019 წელთან შედარებითაც კი გვაქვს გაყიდვების ზრდა თორემ 2020 წელთან შედარებით ისედაც დიდად გაზრილია გაყიდვები“, - აღნიშნა გივი ორდენიძემ.
საქართველოში Subway-ს ქსელი 9 რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 7 თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს.
თაკო კვაჭანტირაძე