ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შემდეგ მედიას განუცხადა.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.