კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პანდემიის გამო საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რამაც რადიკალურად შეამცირა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი.
„ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილმაც სესხების მომსახურება სწორედ წელს, გაზაფხულზე დაიწყო, გადავადებული ბიზნესსესხების გადახდის გრაფიკი კი, ზოგ შემთხვევაში, შემოდგომამდეა გადავადებული. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აღნიშნული სესხების დარეზერვება უკვე მოხდა 2020 წლის მარტში. იმედია, რომ წელს მხოლოდ „ამორეზერვება“ მოხდება და არა დამატებითი რეზერვის შექმნა „გაფუჭებული სესხებისთვის“.
ეს კონკრეტული შედეგი კი იმიტომ მივიღეთ, რომ საბანკო სესხების ნაწილი „ამორეზერვდა“, რაც, ძირითადად, კორპორაციულ სესხებს შეეხო, სადაც მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობა არის და დიდი ამორეზერვება ეხება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შემცირება. რაც უფრო დიდია ბანკის პორტფელი, ის უფრო დივერსიფიცირებულია და შესაბამისად იმიტომ მოხდა რომ ორი დიდი ბანკის შემთხვევაში ამორეზერვებამ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია“, - განმარტავს ძნელაძე.
2021 წლის II კვარტლის მონაცემებით, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის მაჩვენებელი Top 5 კომერციული ბანკის შემთხვევაში ასე გამოიყურება:
თიბისი ბანკი
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის II კვარტლის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რადიკალურად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის II კვარტალში ეს მონაცემი 85,883,248 ლარი იყო, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 469,535,955 ლარი.
საქართველოს ბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „საქართველოს ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე შემცირებულია. მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 89,331,996 ლარი, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 398,752,510 ლარი იყო.
ლიბერთი ბანკი
II კვარტლის მონაცემებით, „ლიბერთი ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შედარებით ნაკლებად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 12,863,754 ლარი გახდა, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში 32,817,386 ლარი.
ვითიბი ბანკი ჯორჯია
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 20-ჯერ შემცირდა. თუ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 1,894,709 ლარი გახდა, 2020 წლის შესაბამის პერიოდში 37,890,502 ლარი იყო.
ბაზისბანკი
ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 3,704,503 ლარი იყო, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდში კი 26,481,681 ლარი შეადგინა.