თორნიკე რიჟვაძე ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილზე აჭარის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ.
„უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქისთვის, ამ ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, მეგობრებს. ახლა მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს აქ დარჩენილი ობიექტის შემდეგი რისკების პრევენციას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს გარდაცვლილი ოჯახებისთვის, რაც მათ ესაჭიროებათ და იმისთვისაც, რომ აქ მაცხოვრებელმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება.
„რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას და საბოლოო პასუხისმგებლობას, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას. უნდა დაველოდოთ, სანამ საბოლოოდ არ მივიღებთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო ბრალეულ პირები გამოვლინდებიან. აქ ხორციელდებოდა თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში არის ავარიული სახლების ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ყველა ოჯახი ცხოვრობდეს უსაფრთხოდ" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ამჟამად ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, სადაც ტრაგედია მოხდა, გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ობიექტზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ჯამში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. ევაკუაცია იმის გამო მოხდა, რომ არსებობს ნგრევის გაგრძელების საშიშროება. ნანგრევებიდან დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციაში 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. აღარ აღინიშნება თბილისობა. შეჩერდება საარჩევნო კამპანიაც.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიამ აჩვენა, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება მშენებლობისთვის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.