ტრადიციულ ვალუტაზე მიბმული სტაბილური კოინი ძალიან გავს ვირტუალურ ფულს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით უკვე არსებობს და ევროპული პრაქტიკაც ამბობს, რომ ისინი ერთმანეთთან გათანაბრებულია. ჩვენ სტაბილური ვალუტის შემთხვევაში არ ვქმნით ახალს, უბრალოდ ვქმნით ციფრულს სუროგატს, ამ შემთხვევაში ფულის მასის და ბევრი სხვა პრობლემა მარტივად გვარდება, — ამის შესახებ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორმა დავით კიზირიამ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემა „ნეირონში“, სტაბილურ კოინებზე საუბრისას განაცხადა.
დავით კიზირიას თქმით, კრიპტოვალუტის მთავარი პრობლემა მისი არაპროგნოზირებადობაა, რაც ართულებს მის ბიზნესში გამოყენებას. ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა კი სტაბილური კოინებია.
„სტაბილური კოინები არის კრიპტოვალუტების ნაირსახეობა, რომელიც მიჯნაზეა ტრადიციულ ვალუტებსა და კრიპტოვალუტებს შორის. კრიპტოვალუტის ნებისმიერი ვალუტა არაფრით უზრუნველყოფილი არ არის, ასევე არის ბიტკოინი, ისიც ნდობას ეფუძნება, მაგრამ მისი ემისია პროგნოზირებადია, თუმცა არ არის პროგნოზირებადი თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მომხმარებელს. კრიპტოვალუტის მთავარი პრობლემა მისი არაპროგნოზირებადობაა, რაც ართულებს მის ბიზნესში გამოყენებას. ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაწყვეტა იყო სტაბილური კოინები, როდესაც ბლოკჩეინის გარკვეული ელემენტების გამოყენებით იქმნება ტრადიციული ვალუტების ციფრული სუროგატები. იქ რამდენიმე ჯგუფია, მაგალითად ტრადიციული ვალუტით გამყარებული, ასევე კრიპტო აქტივებით გამყარებული და ასევე ალგორითმზე დაფუძნებული სტაბილური კოინები.
რატომ გვჭირდება მაგალითად დოლარზე მიბმული სტაბილური კოინი თუ ის მისი ანალოგია? თუნდაც იმისთვის, რომ სწრაფი ტრანზაქცია განხორციელდეს, ამ შემთხვევაში პროცენტიც დაბალია, ასევე უსაფრთხოებაა მაღალია. ასეთ დროს თავს აარიდებთ ტრადიციულ საბანკო მომსახურებას.
თუ შეიქმნება ლარზე მიბმული სტაბილური ვალუტა, ეს მოგვცემდა საშუალებას დავკვირვებოდით დამატებით გვჭირდბა რამე თუ არა. იმ ფონზე, რომ ფაქტობრივად ჩვენთან ლარის მონოპოლიაა, გამოდის რომ მასზე მიბმული სტაბილური ვალუტა CBDC-ის ელემენტებს უნდა ატარებდეს და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პილოტირების დროს როგორ იმუშავებს ეს. ეს ძალიან კარგია, იმისათვის, რომ გავითვალისწინოთ აღნიშნული გამოცდილება ნაციონალური CBDC-ის დანერგვის ფაზაში. შემდეგ უკან დახევა უკვე შეუძლებელი იქნება“, — ამბობს დავით კიზირია.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა, სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება კი ესეცაა, რომ საჭიროა ეროვნულ დონეზე გარკვეული ციფრული ელემენტები გათვალისწინებული იყოს.