ტრანსკასპიური პროექტი ჩვენი პროექტი არ არის. ტრანსკასპიური მილსადენის პროექტში ჩვენ ვითვლებით ტრანზიტულ ქვეყნად. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ საჯაროდ, მათ შორის მეც, რომ მზად ვართ ვუზრუნველყოთ საჭირო ტრანზიტი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის კასპიის ზღვაში, თუ ისინი გადაწყვეტენ მილსადენის აშენებას. მაგრამ, როგორც ვიცი, საკითხი ჯერ არ მოგვარებულა დაფინანსების წყაროსთან გაურკვევლობის გამო, — ABC-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 13 მარტს ბერლინში წამყვანი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ვის იკისრებს 30 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის მილსადენის მშენებლობის დაფინანსებას.
„გაურკვეველია, იქნება ეს რამდენიმე ევროპული კომპანია, თუ იქნება ეს ევროკავშირის სახსრები. ამისათვის ის უნდა შევიდეს ერთობლივი ინტერესის პროექტში, საერთო ინტერესის პროექტში“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტი მრავალი წელია განიხილება.
„მახსოვს, სულ ცოტა, ბოლო 10 წელია ამაზე მსჯელობდნენ. სანამ ეს საკითხი განიხილებოდა, ჩვენ ავაშენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ავაშენებთ მწვანე ენერგიის გადამცემ ხაზს ევროპისკენ და ტრანსკასპიის საკითხი კვლავ განიხილება. ეს არის ვითარება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტი უკვე წარმატებით დასრულდა ან იქნება წარმატებული.