თუ ბანკებს განსაკუთრებული მოგება აქვთ, ეს ნიშნავს რომ კონკურენცია დაბალია და მთავრობამ გადასახადების გაზრდის ნაცვლად, ამაზე უნდა იზრუნოს, — აღნიშნა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა „კომერსანტთან“ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდის შეფასებისას.
მისი თქმით, სადაც მაღალი კონკურენციაა, იქ კოლოსალური მოგება ვერ იარსებებს.
„ბანკებს კოლოსალური მოგება არ აქვთ, მათ აქვთ უკუგება კაპიტალზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება და არ არის რაიმეთი გამორჩეული. ვფიქრობ, პირიქით, თუ გავითვალისწინებთ, რა რისკი აქვთ კაპიტალთან დაკავშირებით ბანკებს, სრულიად ნორმალური მოგების მაჩვენებლები უფიქსირდებათ. მთავრობამ განაცხადა, რომ ბანკები კოლოსალურ მოგებაზე გავიდნენ და ამით ამართლებენ მათთვის მოგების გადასახადის გაზრდას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ბანკებს განსაკუთრებული მოგება აქვთ, ეს ნიშნავს რომ ამ დარგში შედარებით დაბალია კონკურენცია და მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს, არის არა გადასახადების გაზრდა, არამედ კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობა.
მთავრობა და ეროვნული ბანკი ბარიერებს რომ ქმნიან საბანკო სექტორში ფულის შემოსვლაზე, ეს კონკურენციის ზრდას ხელს არ უწყობს. შესაბამისად თუ ბანკების მოგება აწუხებთ, რაც ვფიქრობ ნამდვილად არ არის კოლოსალური, მაშინ კონკურენცია უნდა გაზარდონ. სადაც მაღალი კონკურენციაა, იქ კოლოსალური მოგება ვერ იარსებებს“, — ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბიუჯეტო ეფექტი, რაც მოგების გადასახადის მატებას ექნება, 172 მილიონ ლარს შეადგენს.