„თუ ბანკებთან აფილირებულ კომპანიებს სადაზღვევოებში აქტივების ფლობა არ შეეზღუდებათ, სექტორი 2023 წელსაც ზარალიანი იქნება“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელმა და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარემ არჩილ მორჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკა ფაქტობრივად უცვლელია და ამის მთავარი პრობლემა ბანკებთან აფელირებული კომპანიების მიერ სადაზღვევო ორგანიზაციების ფლობაა.
„ბოლო პერიოდის შედეგები, რომ ნახოთ სადაზღვევო კომპანიების მოგება 35 მლნ ლარია, აქედან საბანკო სექტორთან აფელირებული სადაზღვევოების მოგება თითქმის 33 მლნ ლარია. დანარჩენი 2 მლნ ლარის მოგება გადანაწილებულია 12 სადაზღვევო კომპანიაზე, სადაც რეალურ ზარალზე 9-10 სადაზღვევოა.
ასე გრძელდება წლებია, მაგალითად, შევხედოთ ბოლო 5 წლის სტატისტიკას, ამას კი მენეჯმენტს აბრალებენ, წარმოუდგენელია საბანკო სექტორში თავი მოეყარა ისეთ მენეჯმენტს, რომელიც ამას აკეთებს და სხვებმა ვერ მოახერხეს.
ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე მიმდინარეობს საუბარი, რაც ვიმედოვნებთ მომავალი წლიდან უფრო აქტიურად განხილვადი საკითხი გახდება. ეს ბაზარი შესაძლოა დამატებით 400 მლნ იყოს, მაგრამ იქაც ასეთი უკონკურენტო მდგომარეობა თუ გაგრძელდა საქმეს ნამდვილად არ წაადგება.
თუ ბანკებთან აფილირებულ კომპანიების სადაზღვევო კომპანიებში აქტივების ფლობა არ შეეზღუდებათ სექტორის 2023 წელსაც ზარალიანი იქნება“, -ამბობს არჩილ მორჩილაძე.