„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ახლანდელ ზრდას უფრო აღდგენის სახე აქვს, რაც კარგია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ამ ტენდენციის შენარჩუნებას შეძლებს, ბიზნესს შემოსავლების და ხარჯების ახლებურად დაგეგმვის შესაძლებლობა ექნება.
„ჩვენ კოვიდის დროს ხომ გვქონდა ეკონომიური კრიზისი, ახლანდელი ზრდას უფრო აღდგენის სახე აქვს და ეს კარგია. შესაბამისად თუ ჩვენ ამ ტენდენციას შემდეგ წლებში შევინარჩუნებთ, ბუნებრივია, რომ ბიზნესი თავისი შემოსავლების და ხარჯების ახლებურად დაგეგმვას შეძლებს. ასევე შეძლებს, რომ ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესაძლებლობა ექნება, მაგრამ როდესაც ბიზნესი დარწმუნებული არ არის, რომ ზრდა კვლავ გაგრძელდება ამ საქმეს უფრო ფრთხილად უდგება. თორემ ბიზნესი ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და როდესაც ხედავს, რომ მას აქვს შემოსავლები და როდესაც მის პროდუქციაზე მოთხოვნა არის, ბუნებრივია ის აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მათ შორის კვალიფიციური კადრების მიმართულებითაც.
ეკონომიკური ზრდა, რომელსაც მივაღწიეთ ახალა გვიხარია, ეს სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ფაქტორიც დიდია. იმედია, რომ ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ამას სჭირდება რეალური გეგმა თუ როგორ შეიძლება მაღალი ეკონომიური ზრდის შენარჩუნება“, — აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე