საქართველოდან ტრანზიტზე მოთხოვნა 29%-ით არის გაზრდილი. ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი იზრდება როგორც რკინიგზის, ასევე საგზაო მიმართულებით. 2022 წლის 6 თვეში საგზაო გადაზიდვების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და წლიურად 16%-ით გაიზარდა. საგზაო ტრანზიტის 25% სომხეთ-რუსეთს შორის გამავალ ტვირთებზე მოდის.
„თიბისი კაპიტალში“ აღნიშნავენ, რომ ასეთი ზრდადი მაჩვენებლების შედეგად, საქართველო მიმდინარე წელს 4.4 მილიარდ ლარს ტრანზიტით და ლოგისტიკით მიიღებს.
„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ უფრო გააღრმავა Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული საკითხები, როგორიცაა წარმოებისა და ტრანსპორტირების შეფერხება, გადაადგილების ხარჯების გაზრდა და საქონლის ფასები. გარდა ამისა, რუსეთსა და ბელორუსსზე დაწესებული სანქციები შეეხო გლობალურ და რეგიონულ სავაჭრო და სატრანზიტო ნაკადებს. ტვირთის ტრანზიტი, რომელიც მთლიანი ტვირთის გადაზიდვის მოცულობის მესამედზე მეტს შეადგენს, წარმოადგენს საქართველოში სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან მამოძრავებელს. ბოლო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გაიზარდა ინტერესი საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმართ. ქვეყანაში ტრანზიტზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ტვირთების უფრო დიდი მოცულობის მოზიდვა მოახდინა „ჩრდილოეთის მარშრუტებიდან“ და დააჩქარა რუსეთ-თურქეთის ვაჭრობა.
საქართველო მოქმედებს როგორც ბუნებრივი ხიდი აზერბაიჯანსა და ევროპულ ბაზარს შორის ნავთობისა და გაზის რესურსებით. აზერბაიჯანის შეთანხმებას გაზარდოს გაზის ექსპორტი ევროკავშირში 2021 წელს არსებული 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 2027 წლისთვის წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საქართველოსთვის მაღალი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს“, -აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.
გადამზიდავი კომპანია CMA CGM Georgia-ს გაყიდვების მენეჯერი ჰამლეტ ჭანტურია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამ ტვირთნაკადის შენარჩუნება შესაძლებელია თუ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება.
„ბაზარი ამბობს, რომ თუ ინფრასტრუქტურა ცოტათი მაინც უკეთესი იქნება, ტერმინალებიდან დაწყებული მოწესრიგებული ლიანდაგებით დამთავრებული, ტვირთბრუნვა გაიზრდება. ამას გარდა პორტები ცალკე მუშაობენ რკინიგზასთან, რათა კოლაბორაცია გავაკეთოთ და წყვეტა არ მოხდეს. მართალია გეოპოლიტიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ამან საშუალება მოგვცა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი გავმხდარიყავით. არის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რისი მოგვარებაც კიდევ უფრო დიდი წინსვლის შანსს მოგვცემს. ჩვენ რაც უფრო უკეთესად გვექნება ინფრასტრუქტურა გამართული მით უფრო დიდი შანსია, რომ ის ტვირთნაკადი რაც დღეს გვაქვს მომავალშიც შევინარჩუნოთ“, — აღნიშნა ჰამლეტ ჭანტურიამ.
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით სულ 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით გაიზარდა.