საქართველოს მთავრობა დიდ სავაჭრო მოლებთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც ადასტურებს. მისი განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ესწრებოდა, სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.
კომერსანტი დაინტერესდა, როგორ აფასებენ სავაჭრო ცენტრები საქართველოს მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში დიდი მოლები მუშაობას ვეღარ შეძლებენ. გადაწყვეტილებას დამღუპველს უწოდებს საბურთალოსა და გლდანის „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრების დახურვა ინდუსტრიის გაკოტრების ტოლფასი იქნება.
„ლოქდაუნი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა ამ შემთხვევაში დახურვა ინდუსტრიისთვის დამღუპველია და მიწასთან გასწორების ტოლფასია. ჩვენთან კონსულტაცია არავის ჰქონია, აქედან გამომდინარე ინფორმაციას სკეპტიკურად ვუყურებ, მგონია, რომ ასე არ მოიქცევიან. წესით მთავრობისთვის ცნობილი უნდა იყოს ინდუსტრიაში არსებული პრობლემები. გაკოტრების პირასაა ბევრი კომპანია, შემცირებული ბრუნვების და ლარის კურსის პირობებში ოპერირება ისედაც შეუძლებელი იყო. საახალწლო პერიოდში როდესაც ხალხმა სესხი აიღო და ცდილობს რაღაცით თავის ბიზნესი გადაარჩინოს ეს გადაწვეტილება არ მგონია სწორი. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მესმის რომ პანდემიაა, მესმის რომ გადაწყვეტილებაა უარესს და უფრო უარესს შორისაა, მაგრამ რაღა ლოგიკით უნდა ავირჩიოთ“, - განაცხადა ლევან მესხელმა.
„გალერეა თბილისის“ დირექტორი ნიკა ცინცაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა მისი თქმით, მთავრობა სავაჭრო ცენტრებს დახურავს კომპანია გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდება.
„ჩვენამდე ჯერ არანაირი შეტყობინება არ მოსულა. თუ აუცილებელი და გამოუვალი სიტუაცია მაშინ ამ ყველაფერ გაგებით შევხვდებით, რა თქმა უნდა ეს ბიზნესისთვის კარგი არ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილებას ყველა შემთხვევაში გაგებით მოვეკიდებით. თუ დავხურავთ მოლს მოიჯარეებს ეს ტვირთად არ დააწვებათ, რადგან ამ პერიოდში იჯარას არ დავარიცხავთ, ისედაც პანდემიურ პერიოდში ყველა მოიჯარეს ფასდაკლებას ვუკეთებთ. როდესაც დახურვის გამოცხადებული ვადა გავა, ჩვენ ჩვეულებრივად გავიხსნებით, რაც შეეხება მოიჯარეებს მათთვის გაჩერება კარგი არ იქნება, მაგრამ რამდენად იქნება დამღუპველი ამაზე პასუხს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ნიკა ცინცაძემ.
ბაჩო ადამია