ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია კომპანიების კონცენტრაციების თემები. ყველა კომპანია რომლის გამსხვილება ხდება ან ერთიანდება, მნიშვნელოვანია თუ ორივე კომპანიის ბრუნვა ერთობლივად 20 მლნ. ლარზე მეტია და თითოეულის არანაკლებ 5 მლნ ლარია, უნდა შეუთანხმოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ეს გაერთიანება, სხვა შემთხვევაში ექვემდებარება საჯარიმო სანქციას, — ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან ერთად ისაუბრა.
ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, რომ კომპანიების კონცენტრაციის მაჩვენებელი გაზრდილია და წელს ამ მიმართულებით უკვე 4 ორგანიზაციის გაერთიანება დადასტურდა.
„კონკურენციის ეროვნულ სააგენტო რეესტრთან თანამშრომლობს, ყველა გაერთიანების გადამოწმება ხდება და ყოფილა არაერთი შემთხვევა, რომ ჩვენი გვერდის ავლით მომხდარა კონცენტრაცია, ასეთ დროს კომპანიების მიმართ საჯარიმო სანქციებს ვიყენებთ, შემდეგ კი ისინი ვალდებულნი არიან თავიდან მოიტანონ განაცხადი კონცენტრაციაზე და თავიდან ხდება განხილვა. თუ დადგინდა, რომ ეს კონცენტრაცია ხელს უშლის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ მივმართოთ სასამართლოს. თუ დავადასტურეთ, რომ ეს გაერთიანება არაფერს ცვლის, ასეთ შემთხვევაში კომპანია მხოლოდ ჯარიმას იხდის. თუმცა ეს ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია და ყველას მივმართავ, რომ ყურადღებით იყვნენ ასეთ საკითხებთან.
წელს 4 კონცენტრაცია უკვე დავადასტურეთ და 4 არის განხილვის ეტაპზე. საკმაოდ აქტიურია ამ მიმართულებით სხვადასხვა სექტორები, განსხვავებული სექტორებია და ძალიან საინტერესოა“, — აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.