2022 წელს საქართველომ რეკორდული 2 მლრდ უცხოური ინცესტიცია მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებს 61.1%-ით აღემატება.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება ინვესტიციების კლების გარდა, ეკონომიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება.
„ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან კაპიტალი როდესაც შემოდის, ამ დროს, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობაა. ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა და ინვესტორები ხედავენ, რომ მთავრობას არ უჭირავს დასავლური კურსი, ასევე მაღალია ინფლაცია. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ყველა მსხვილი ინვესტორი თავს შეიკავებს ინვესტიციის განხორციელებისგან.
გავიხსენებ ერთ მაგალითს, როცა რამდენიმე წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა შემოდგომაზე, მაშინ მესამე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა, რადგან ბიზნესი ელოდებოდა პოლიტიკურ ცვლილებას ქვეყანაში. საქართველოში ისეთი სიტუაციია, რომ რა პოლიტიკური სიტუაციაც იქნება ქვეყანაში, ისაა მთავარი ფაქტორი ეკონომიკისთვის.
რამდენიმედღიან პოლიტიკურ დაძაბულობას ცხადია, არ მოჰყვება მძიმე შედეგები, მაგრამ თუ გაგრძელდა, ახალი ინვესტიციები კი არა, არსებული კომპანიებიც იტყვიან უარს და გავლენ ქვეყნიდან. თუმცა, ეს ვითარება მაინც არის ნეგატიური სიგნალი ევროპისთვის”, - ამბობს ირაკლი მაკალათია.
2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5 პროცენტი შეადგინა. ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.