სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 6% იქნება, წლის ბოლოსთვის კი - 3.8%. სამიზნე 3%-იან მაჩვებელს კი მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სიტუაცია გლობალურადაც არაპროგნოზირებადია და თუ კვლავ გაჩნდა ინფლაციის ზრდის რისკი, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას კვლავ გაამკაცრებს.
„როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციაზე, იქედან გამომდინარე, რომ როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად გაურკვევლობის დონე მაღალ ნიშნულზეა, უნდა დავეყრდნოთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წელს ფისკალური დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება არის მოსალოდნელი, ლარიც მყარია და მონეტარული პოლიტიკაც საკმაოდ დიდი ხანია გამკაცრებულია, ინფლაციის მრუდიც შემცირებულია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ უკვე მომავალ წელს მივაღწიოთ სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოებას. იმ შემხთხვევაში, თუ ჩვენ შევნიშნეთ, რომ ისევ არის ინფლაციის ზრდის რისკები, მზად ვიქნებით კიდევ უფრო გამკაცრდეს მონეტარული პოლიტიკა, რათა მოლოდინებში არ გადავიდეს, - განაცხადა გვენეტაძემ.