შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეულს იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„„Discount Week-Ski Resorts“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება. ფასდაკლების კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონემენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ საჯარო მოწვევას გამოაცხადებს. ინფორმაცია განთავსდება როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ, ასევე Facebook-ის გვერდებზე.
ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.