ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტუროპერატორები შეხვედრაზე პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას გაეცნენ, ასევე მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.
„ჩვენ განვიხილეთ 2021 წლის ხედვა და კონკრეტული განსახორციელებელი აქტივობები. ტურიზმის სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევჯერდებით გეგმაზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვეხმარება, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდავასა და ეფექტური მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში.“ - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
შეხვედრაზე ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად განიხილეს სამუშაოები საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გაიცნოს მსოფლიომ. ასევე შეთანხდნენ, რომ ტურიზმის აღდგენისა და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.