ტურიზმის, მისი ქვესექტორებისა და ავტოიმპორტიორების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესის დანარჩენი ნაწილი და ინდმეწარმეები ითხოვენ საშეღავათო პერიოდს. 1-ელ აპრილს დეკლარაციების შევსების ბოლი ვადასთან ერთად, მათთვის თანხის გადახდის დროც დგება. კორონავირუსის გამო შექმნილმა ფორსმაჟორმა და გაჩერებულმა მსოფლიომ ადგილობრივ ბიზნესზე იმდენად ნეგატიურად იმოქმედა, რომ თუ გადავადება არ მოხდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდებიან.
ბიზნესის ნაწილს უკვე დაუწესდა შეღავათი, რომელიც მხოლოდ ტურიზმს და მათ მომიჯნავე ან ქვესქტორებს შეეხოთ. ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის ლევან დგებუაძის განმარტებით, მიმდინარე ოთხ თვეში დაგროვილი საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა კომპანიებს მოუწევთ პირველი ნოემბრიდან.
„ამ ოთხ თვეზე სახელფასო დეკლარირების შედეგად დარიცხულ გადასახადებზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იძულებითი ღონისძიებები არ იქნება გათვალისწინებული. ეს არის საშეღავათო პერიოდი და გადახდის ვადა გადაიწევს 1-ელ ნოემბრამდე. შესაძლებელია განხილული იყოს ისეთი რეჟიმები, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო გრაფიკებს. საუბარია იმაზე, რომ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში დაგროვილი ქონების გადასახადებზე გადახდა გადავადდება 1 ნოემბრამდე. ისინი ასევე გადაიხდიან დაგროვილ და მიმდინარე გადასახადს“, - განაცხადა დგებუაძემ.
თუმცა ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების ის ნაწილი, რომელიც ამ სექტორებს მიღმა არიან, აცხადებენ, რომ მათი საწარმოებისა და საქმიანობისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მსგავსი შეღავათი სახელმწიფოს მხრიდან.
,,როგორც ქონების წლიური გადასახადი, ასევე ინდმეწარმეთათვის დეკლარაცია, იგზავნება პირველი აპრილისათვის. შესაბამისად, ეს არის გადახდის ბოლო ვადაც. მე, გუშინ დავრეკე საგადასახადოში, შეგვეხებოდა თუ არა ჩვენც შეღავათი და მიპასუხეს რომ - არა. ეს მაინც დისტანციურად ხდება და რა პრობლემა არისო?არადა, რეალურად, ყველას არც ტექნიკურად აქვს საშუალება, რომ დისტანციურად იმუშაოს და არც ფინანსურად გვაქვს ნამდვილად ამ ეტაპზე საშუალება. გაურკვეველი დროით ვართ დახურულები და შესაბამისად, ეს გადასახადი ახლა რომ გავიღოთ, ელემენტარულ საარსებო წყაროს მოვისპობთ, თუ დიდხანს გაგრძელდა სახლში ყოფნის აუცლებლობა.
ჩვენ არაფრის ჩუქებას არ ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნაა, გადაგვივადეს გადასახადი ზუსტად იმ წესით, როგორც ეს არაერთ ბიზნესთან მიმართებით მოხდა“, - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის ფინანსური მენეჯერი, რომელსაც ქონების გადასახადის გადახდა დღევანდელი ნორლით 10 დღეში მოუწევს.
„თუ შეღავათი არის ვინმესთვის, უნდა იყოს ყველასთვის“ - ასე აფასებს არსებულ რეალობას ,,რეზონანსთან“ ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი. ყველა სხვა მიდგომა არასამართლიანია მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.
,,პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც აღმოვჩნდით, ეხება აბსოლუტურად ყველას და არა რომელიმე სექტორს გამორჩეულად. ამის გამო, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იდგმება სახელმწიფოს მხრიდან, არ შეიძლება გამორჩეულად ეხებოდეს ვინმეს.
მეორე მხრივ, უკვე გადადგმული ნაბიჯებიც ვერ იქნება ეკონომიკური დარტყმის შემამსუბუქებელი, რადგან კი არ აგვარებს პრობლემებს, არამედ გადაავადებს. ეს არ არის იმ გამოწვევების პროპორციული, რის წინაშეც სახელმწიფო და ზოგადად მსოფლიო დადგა, კორონავირუსის გავრცელებით. ახლა გადასახადების გადავადება კი არა, შემცირებაა გამოსავალი, თანაც ყველასათვის. ასეა ეკონომიკურად მიზანშეწონილიც და სამართლიანიც, სხვაგვარად ორი უმთავრესი პრინციპი ირღვევა“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ხორგუაშვილმა.
გადასახადის გადავადების ან მსგავსი შეღავათის დაწესების საჭიროებას ვერ ხედავს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე. ის იმ წესს განმარტავს, რითიც ბიზნესს დეკლარაციის სამი თვით გადავადება შეუძლია, თუმცა იჯარა და საურავი დაეკისრება.
,,ამ ვითარებაში, სახელმწიფომ, მათ ვისაც ნაღდ ფულზე დეფიციტი გაუჩნდა, ისედაც გადავადა ეს დრო, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ ძალიან მარტივი მექანიზმით, დაწერონ განცხადება და სამი თვით გადაავადონ დეკლარაციები, მაგრამ ამ შემთხვევაში საურავი დაერიცხებათ. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ბიზნესისაგან ეს მოთხოვნა ახლა ვითარების რელევანტური იყოს ან სახელმწიფომ დაუშვას ეს შეღავათი“, - განაცხადა ჭელიძემ ,,რეზონანსთან“.
პარალელურად კიდევ ერთ შეღავათს ითხოვს ბიზნეს ასოციაცია, ხელისუფლებისაგან. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებულ პროცედურებს გადახედოს.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, იმპორტიორების პრობლემა იყოფა ორ ჯგუფად, პირველ ჯგუფში შედიან სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების იმპორტიორები, რომელთაც დიდ წნეხში არიან გაზრდილი მოხმარების გამო, ხოლო მეორე ჯგუფში შედიან ის იმპორტიორები, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი გზაშია საქართველოსკენ, ახლო მომავალში კი მოუწევთ იმპორტის პროცედურების გავლა.
რაც შეეხება სურსათის იმპორტიორებს, ლევან ვეფხვაძის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირველადი მოხმარების პროდუქტის (სურსათის) მიწოდების ჯაჭვის ხელშესაწყობად, საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს ზემოთ მითითებული პროდუქტის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვადის გახანგრძლივებას, ნაცვლად არსებული ხუთისა, ორმოცდახუთ დღემდე, როგორც ეს, მაგალითად, გათვალისწინებულია ხორბლის იმპორტისას.
ვეფხვაძე ყურადღებას ამახვილებს იმ სავაჭრო ქსელების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი კი გზაშია საქართველოსკენ და მოუწევთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ამ შემთხვევაშიც, ასოციაციაში ფიქრობენ, რომ საჭირო შეიძლება გახდეს იმპორტის დღგ-ს გადავადების მექანიზმზე ფიქრი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისათვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის დაკისრება.
გაზეთი „რეზონანსი“