თურქეთი დაკავებული გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს, ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის უზენაესმა სასამართლომ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით განაჩენი 2018 წელს მიიღო და მას შემდეგ ბიზნესმენის გადაცემას მოითხოვს.
„როგორც საქართველოს მოქალაქე ის ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, იმის მიუხედავადაც, რომ თურქეთის მოქალაქეცაა, თუმცა ჩვენ გვინდა მისი ექსტრადირება“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
30 მაისს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. რამდენიმე დღის შემდეგ კი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.