2023 წლის 1 იანვრიდან თურქეთში ტურისტებს მოუწევთ გადაიხადონ 2%-იანი გადასახადი სასტუმროებში, პანსიონატებში, ბანაკებსა და სხვა განსახლების ობიექტებში განთავსებაზე. ამის შესახებ თურქეთის სამთავრობო გაზეთი Resmi gazete იტყობინება.
საცხოვრებლის გადასახადს თავად სასტუმროები და სხვა განსახლების ობიექტები აგროვებენ. ორგანიზებული ტურის განხორციელებისას ის შესაძლოა ტურისტული სააგენტოების მიერ ტურის ღირებულებაში შევიდეს. ამასთან, Resmi gazete-ის ცნობით, სასტუმროების მიერ გაწეული მომსახურება (მაგალითად, კვება, დასვენება, სპორტული დარბაზით სარგებლობა და სხვა) არანაირ გავლენას არ მოახდენს დაბეგვრის ოდენობაზე.
Resmi gazete-ის ცნობით, სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში, პანსიონატებსა და ბანაკებში, გადასახადის 2%-ის გადახდისგან გათავისუფლდებიან. გადასახადის გადახდისგან თავისუფლდებიან თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
თურქეთის ხელისუფლებამ საცხოვრებლებზე ტურისტული გადასახადის შემოღება ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა, თუმცა კანონპროექტი თაროზე შემოიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.
ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმედ ნური ერსოის თქმით, 2023 წელს თურქეთი 60 მილიონი ტურისტის მიღებას ელის.