NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ანკარაში ვიზიტისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში შესასვლელად თურქეთის პირობები შეასრულეს და დადგა დრო ეს ორი სკანდინავიური ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება ევროატლანტიკურ ალიანსს გააძლიერებს.
მევლუთ ჩავუშოღლუს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა. მან თქვა, რომ სამმხრივი მემორანდუმის პირობები, რომელიც ივნისში გამართულ სამიტზე გაფორმდა, სრულყოფილად შესრულებული არ არის და ფინეთს და შვედეთს მოუწოდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რადგან „ეს NATO-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ თურქეთი NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი არაა“.
სტოლტენბერგი თურქეთში სამდღიანი ვიზიტისას, ნატოს გაფართოებასთან ერთად, „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხს განიხილავს.
მევლუდ ჩავუშოღლუს თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 20 დღეში უნდა განახლდეს და ამ შეთანხმების შეუფერხებლად განსახორციელებლად თურქეთი მზადაა.
შეგახსენებთ, რომ ივლისში გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმება“ რუსეთმა 2022 წლის 29 ოქტომბერს დატოვა. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლის ყურეში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმას უკავშირდებოდა. რამდენიმე დღეში რუსეთმა აზრი შეიცვალა და სტამბოლის სასურსათო შეთანხმებაში მონაწილეობა განაახლა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა