ფარმაცევტული ბაზრის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მედიკამენტების ბაზარზე თურქეთის ხაზის გახსნის თაობაზე, ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუ მას სხვა რეგულაციებიც არ დაერთო. როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თურქეთის ბაზარზე ფალსიფიცირებული დაბალხარისხიანი მედიკამენტების საკმაოდ დიდი ბრუნვაა, შესაბამისად, მთავრობამ დამატებით უნდა შეიმუშაოს ხარისხის კონტროლის მექანიზმები. ასევე უნდა ამოქმედდეს როგორც საბითუმო, ისე საცალო მედიკამენტებზე ფასნამატის წარმოქმნის რეგულაცია.
,,თურქეთიდან ისედაც შემოდიოდა ფარმაცევტული საქონელი საქართველოში იმპორტიორების საშუალებით. მეტსაც გეტყვით, თურქული მედიკამენტების წილი 30%-მდე იყო მთელ ასორტიმენტში, მაგრამ ქსელში მოხვედრის შემდეგ ეს წამლები მაინც ძვირი ღირდა. პრემიერის განკარგულება, რომ „მეზობელი ქვეყნიდან შემოვა მაღალი, GMP ხარისხის წამლები“ ნიშნავს იმას, რომ თურქეთის რესპუბლიკა დაემატება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც საქართველოს „პარალელური იმპორტის რეჟიმი“ აქვს დაწესებული. მედიკამენტები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაშია წარმოებული და რეგისტრირებული, საქართველოში შემოვა ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე. თუმცა ცნობილია ისიც, რომ თურქეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი ბრუნვაა ფალსიფიცირებული დაბალხარისხიანი მედიკამენტების. შესაბამისად, მთავრობამ დამატებით უნდა შეიმუშავოს ხარისხის კონტროლის მექანიზმები“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.
ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, თუ ვინ იქნება თურქული მედიკამენტების შემომტანი - გაჩნდებიან თუ არა ახალი ოპერატორები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ქართულ ბაზარზე დამკვიდრებულ კომპანიებს.
,,რეალურად ახალ ოპერატორს ჭირდება წამლის მოსახლეობამდე მიწოდების ქსელი. ცხადია, რომ არსებული ქსელი სხვის შემოტანილ პროდუქციას თავის ქსელში არ შეუშვებს, მათ ისედაც შემოჰქონდათ და კარტელური შეთანხმებებით ფასწარმოქმნის პოლიტიკას დიდი ალბათობით კვლავ ძველებურად გააგრძელებენ. ვფიქრობთ, ის ჩანაფიქრი, რაც პრემიერს აქვს, ძნელად მისაღწევი იქნება, თუ თურქეთიდან შემოტანილ ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებით არ გაამკაცრებენ კონტროლს“, - დასძენს შენგელია.
რაც შეეხება ქართული ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლიურ მდგომარეობას, ანალიტიკოსი საუბრობს იამზეც, როგორ ვითარდებოდა სფერო, რა პრობლემაა კონკურენციის კუთხით და როგორ დგინდება წამლის ფასი საქართველოში.
„ფარმაცევტული ბაზრის გამსხვილების პროცესი 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. გამოიკვეთა მსხვილი იმპორტიორები: „ავერსი“, PSP და კომპანია „კრისტალი“. აღნიშნული კომპანიები ძირითად საბითუმო ბაზრებს ფლობდნენ, კარტელური შეთანხმების საფუძველზე გადანაწილებული ჰქონდათ მედიკამენტების იმპორტი მწარმოებელი კომპანიებისაგან და თვითნებურად, კარტელური შეთანხმების საფუძველზე აწესებდნენ ფასებს მედიკამენტებზე. შემდეგ მოგვიანებით აღნიშნულ კარტელურ გარიგებებს შეუერთდა „სახალხო აფთიაქიც“. ცოტა მოგვიანებით „ავერსმა“ და PSP-მ გარდა მედიკამენტების იმპორტისა, ადგილობრივი წარმოებაც გახსნეს - „ავერსი რაციონალი“და „ჯი ემ პი“. უფრო მოგვიანებით კი სადაზღვევო სექტორშიც დაიმკვიდრეს თავი.
თავიდანვე აშკარა, იყო რომ ფარმაცევტულ ბიზნესში არაჯანსაღი კონკურენციის პერიოდი დაიწყო. საქმე გვაქვს სულ რამდენიმე ოპერატორთან, რომელთაც ბაზარი ფაქტიურად აქვთ გადანაწილებული ვერბალური შეთანხმებებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს ფაქტობრივად არჩევანი არ აქვს, წამლის შესაძენად რომელ აფთიაქშიც არ უნდა შევიდეს, ფასწარმოქმნის პოლიტიკა ერთი და იგივეა“, - აცხადენს ნიკა შენგელია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული აფთიაქების ქსელის 40%-მდე ფლობს სამი კომპანიას.: „ გეფა“, „პსპ ფარმა“ და „ავერსი ფარმა“.
მედიკამენტებზე ფასების ზრდა ძირითადად იწყება 2016 წლიდან, რის მიზეზადაც იმპორტიორების მხრიდან ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია დასახელდა.
2016 წლიდან 2020 წლამდე მედიკამენტებზე ფასებმა საშუალოდ 41%-ით მოიმატა.
მარი ჩიტაია