თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალის ამონაგები ავიაბილეთების რეალიზაციიდან თითქმის გაორმაგდა. 2021 წელს კომპანიის ამონაგები 12.4 მლნ ლარი იყო, ხოლო 2020 წელს 7.57 მლნ ლარი შეადგინა. ამონაგების აღიარება ხდება: ამონაგები მომსახურეობიდან და ამონაგები ავიაბილეთების რეალიზაციიდან.
2021 წლის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 3 მლნ ლარს აჭარბებს, მაშინ როდესაც 2020 წელს ის მხოლოდ 2.2 მლნ ლარი იყო. კაპიტალი კი 697 001 ლარია.
ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის ხარჯი 31 მლნ ლარზე მეტი იყო. ყველაზე დიდი, 21.7 მლნ ლარი თვითმფრინავების მომსახურების ხარჯია, აეროპორტის სხვა მომსახურების ხარჯმა 6.5 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ხელფასის ხარჯმა 1.8 მლნ ლარი.
„კომპანია არ არის ორიენტირებული მოგებაზე, რადგან საერთაშორისო ფრენებზე გაწეული მომსახურეობის თანხები აღემატება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული ამონაგების თანხებს და შესაბამისად გაწეული ხარჯების ანაზღაურება სრულად ხდება სათაო საწარმოს (სს თურქეთის ავიახაზების) მიერ“, — აღნიშნულია ანგარიშგებაში.
თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალის აქციათა 100%-იან წილს სს თურქეთის ავიახაზები ფლობს.
სს „თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალი“, რომლის სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) , 1997 წლის 16 იანვარს დარეგისტრირდა.