თურქეთის მიერ პომიდვრის ექსპორტის აკრძალვა საქართველოზე არ გავრცელდება - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ამით მინისტრის მოადგილე თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან პომიდვრის ექსპორტი 14 აპრილამდე შეზღუდულია.
„ჩვენ ეს საშიშროება არ გვემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი აკრძალვა ნამდვილად ეხებოდა საქართველოსაც, შემდეგ ამ ჩამონათვალიდან თურქეთმა საქართველო ამოიღო. ჩვენ ახლა გვაქვს სეზონი, როცა ადგილობრივი სათბურების წარმადობის მიუხედავად, თურქული პომიდვრის ხვედრითი წილი საკმაოდ დიდია.
ჩვენ გვაქვს პომიდორში და ბევრ ბაღჩეულში სეზონურობის მაღალი კოეფიციენტი. ზაფხულში გვაქვს ჭარბი და იაფი პროდუქტი. მაგრამ დინამიკაში ამას ვერ ვინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ისეთი პროგრამების განხორციელება როგორიცაა იმერეთის აგროზონა, სხვადასხვა სასათბურე მეურნეობების განმავითარებელი პროგრამები, რათა შევძლოთ დინამიურად გვქონდეს ეფექტური ფასით პროდუქცია" - განაცხადა ხანიშვილმა ,,საქმეში".
შეგახსენებთ, საქართველოში პომიდვრის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. 2022 წელს საქართველომ 6 ქვეყნიდან 7.1 მლნ აშშ დოლარის 20 141 ტონა პამიდორი იყიდა, აქედან დიდი ნაწილი - 19 911 ტონა თურქეთიდან.
2023 წლის პირველ თვეში კი, საქართველოში მხოლოდ თურქული პომიდორი შემოვიდა 730 ათასი აშშ დოლარის, 1 870 ტონა.