თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების საქმეზე. ამის შესახებ BBC წერს.
შაბათს, იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები, მფლობელები და ერთი ქალაქის მერი - უკვე დააკავეს.
მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიება გაფართოვდა - ორი კვირის წინ 113 დაკავების ორდერი იყო გაცემული, დღეს უკვე 184 პირია დაკავებული.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ახლა 50 000-ს გადააჭარბა და მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 160,00-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა.
ოპოზიციური პარტიები და ზოგი სამშენებლო ექსპერტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რადგან მათ სამშენებლო რეგულაციების დაცვა ვერ შეძლეს და ახლა პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრებას ცდილობენ.
ისინი აცხადებენ, რომ მთავრობის პოლიტიკამ დაუშვა ე.წ. ამნისტია კონტრაქტორებისთვის, რომლებმაც სამშენებლო რეგულაციები შეცვალეს და ამით სამშენებლო ბუმი წახალისდა, მათ შორის მიწისძვრისკენ მიდრეკილ რეგიონებში.