სტამბოლში, უახლოეს ორ თვეში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ პირველად ახალი ეკლესია გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტო ანადოლუ წერს სტამბოლის სირიული ფონდის „ქადიმის“ პრეზიდენტ საით სუსინზე დაყრდნობით.
ეს იქნება სირიელი მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაში არსებული მეორე ეკლესია. ის სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობაში იქნება და წმინდა ეფრემის სახელზე აკურთხებენ. ეკლესია სტამბოლის ევროპულ ნაწილში იეშილქოის რაიონში მდებარეობს. მისი მშენებლობა $4 მილიონი დაჯდა, ეს თანხები სირიის ქრისტიანული თემის შემოწირულებებით მოგროვდა.
ფონდის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1923 წლიდან, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან, ქვეყანაში რამდენიმე ეკლესია გაიხსნა, მაგრამ ყველა მათგანი ან უბრალოდ გარემონტდა ან აშენდა ოფიციალური ნებართვის გარეშე. საით სუსინის თქმით, მშენებლობა ხელისუფლების, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ძალისხმევით იქნა შესაძლებელი.