თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან ათი დღის შემდეგ მაშველებმა დანგრეულ შენობებში კვლავ მიაგნეს არაერთ დაღუპულს. სულ მიწისძვრას 42 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა გამოიხსნეს 26 და 34 წლის კაცები, რომლებმაც ნანგრევებში 261 საათი გაატარეს. ამავე ქალაქში გადაარჩინეს 12 წლის ბიჭიც, რომელიც ნანგრევებში 260 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიწისძვრიდან თითქმის 260 საათის შემდეგ, ქალაქ ქაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 29 წლის ქალი, რამდენიმე საათით ადრე კი - 17 წლის გოგო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც 10 პროვინციას მოიცავს, ადგილობრივ მაშველებთან ერთად, ოპერაციაში მონაწილეობს 7 098 მაშველი მსოფლიოს 74 ქვეყნიდან. მათ შორისაა ასამდე ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის არმიამ დაბომბა სამიზნეები ჩრდილოეთ სირიაში, რეგიონებში, რომლებიც მიწისძვრამ ძლიერ დააზარალა.