თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინფლაციის გამო, საყოფაცხოვრებო ხარჯების შედეგად გამოწვეული კრიზისის ასანაზღაურებლად მინიმალური ხელფასის ოდენობა 55% - ით გაზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს, მათივე ცნობით ამ ნაბიჯმა შესაძლოა მომავალი წლის არჩევნებში ერდოღანის პოპულარობა გაზარდოს.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა დღეს 22 დეკემბერს განაცხადა, რომ 2023 წელს თურქეთში მინიმალური ხელფასი 8500 ლირა, ანუ თვეში 455 დოლარი იქნება, რაც ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით ეს მაჩვენებელი 55% - ით მეტია. დღეის მდგომარეობით თურქეთში წლიური ინფლაცია 84,4 % - ია.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის ივნისშია დაგეგმილი.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ბანკი წლის ბოლოს 65 პროცენტიან ინფლაციას პროგნოზირებს, ეკონომისტების უმეტესობა კი აღნიშნავს, რომ ეს მიზანი ვერ მიიღწევა.