თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 108%-იანი ზრდა აჩვენა და მთლიანობაში 29,3 მილიონი ტურისტი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვარ-აგვისტოში თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტების მთლიან რაოდენობაში პირველ ადგილზე გერმანელი ტურისტები არიან - დაახლოებით 3,9 მილიონი ტურისტი.
მეორე ადგილზე კი რუსი ტურისტები, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეჭრის და ომის მიუხედავად, თურქეთს რუსეთის 3 მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია, რაც წლის პირველ რვა თვეში თურქეთში ყველა საერთაშორისო ვიზიტის 10%-ია.
მესამე ადგილზე ბრიტანელი ტურისტები არიან - 2,4 მილიონი ტურისტით, შემდეგ მოდის ბულგარელი ტურისტები - 1,7 მილიონით. თურქეთმა ასევე მიიღო 1,5 მილიონზე მეტი ირანელი სტუმარი.
საანგარიშო პერიოდში უცხოელებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი სტამბოლი იყო. რვა თვეში ქალაქში დაახლოებით 10,2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩავიდა, რაც საერთო ტურისტული ნაკადის 35%-ს შეესაბამება. ანტალია მეორე ადგილზეა - საპორტო და საკურორტო ქალაქმა 8,6 მილიონი უცხოელი ვიზიტორი დააფიქსირა.
იანვარ-აგვისტოში 3 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ედირნეს. ტერიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მოგზაურები მეზობელი ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან. კერძოდ, ბულგარელი ტურისტების ნაკადი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ივლისში თურქეთმა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
მუღლას პროვინციამ 2,1 მილიონი უცხოელი მიიღო, ხოლო იზმირმა, თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქი, 1 მილიონზე მეტი ტურისტი მიიზიდა.
მხოლოდ აგვისტოში თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 58,3%-ით გაიზარდა და ჯამში 6,3 მილიონი ადამიანი შეადგინა. თუმცა, ის 5,4%-ით შემცირდა ივლისთან შედარებით, როდესაც ქვეყანამ მიიღო 6,7 მილიონი უცხოელი ტურისტი.