ბარათების გაცემისას თურქულმა ბანკებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდნენ თურქეთში, მოთხოვნები გაამკაცრეს. აღნიშნულის შესახებ meduza წერს.
რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, გამოცემას განუცხადა, რომ მან მოიარა სხვადასხვა ბანკის 15 ფილიალი, ვიდრე ერთ-ერთ მათგანში ანგარიში გახსნა. მისივე თქმით, ბანკებმა თურქეთში მუშაობის ნებართვა, დიდი დეპოზიტი — 5000 დოლარი, ან საკომისიო 100 დოლარი მოითხოვეს. ზოგიერთმა ბანკმა განაცხადა, რომ ისინი საერთოდ არ მუშაობენ უცხოელებთან.
ეს ინფორმაცია RBC-ს ბანკებსა და კლიენტებს შორის რამდენიმე შუამავლმა დაუდასტურა, რომლებიც რუსებს 150-200 დოლარად ბარათების გახსნაში ეხმარებიან. სტამბოლში მომუშავე ერთ-ერთმა შუამავალმა თქვა, რომ რუსებს, რომლებსაც არ აქვთ ბინადრობის ნებართვა, შეუძლიათ გახსნან ანგარიში VakifBank-ში, Vakif Katilim-ში, Ziraat Bank-სა და Denizbank-ში. რუსების ყველაზე დიდი რიგები გაჩნდა Denizbank-ის ფილიალებში.
კიდევ ერთი საბანკო შუამავალი, ელენა ჩერნიშოვა, რომელიც მუშაობს სტამბულსა და ანტალიაში, აცხადებს, რომ ბანკის თანამშრომლები ვერ უმკლავდებიან რუსების სექტემბრის შემოდინებას, რომელთაც სურთ ანგარიშის გახსნა და ქმნიან დამატებით ბარიერებს ხალხის ნაკადის შესამცირებლად. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ბანკმა პირიქით გაამარტივა ბარათების გაცემა, მაგალითად, Denizbank-მა გადაიტანა ზოგიერთი პროცესი ონლაინში, ხოლო Vakif-მ და Ziraat Bank-მა შეამცირეს საჭირო დეპოზიტის ოდენობა.