2023 წლის თვენახევარში მასკის ქონება 54 მლრდ დოლარით გაიზარდა. Tesla-ს აქციების ფასის 74%-ით ზრდის წყალობით, ამერიკელი ბიზნესმენი ელონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილს მიუახლოვდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მასკის ქონება ახლა 191,3 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო რეიტინგის ლიდერ ფრანგ ბერნარ არნოს, დაახლოებით 1 მლრდ დოლარით მეტი აქვს.
15 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მასკმა გასული წლის აგვისტოდან დეკემბრამდე Tesla-ს დაახლოებით 11,6 მლნ-ის აქციები შესწირა. ამ ფასიანი ქაღალდების ღირებულება 1,9 მლრდ დოლარია. მასკს რომ ეს აქციები შეენარჩუნებინა, ახლა მილიარდერთა სიის ლიდერი იქნებოდა, წერს Bloomberg-ი.
2021 წლის ბოლოს მასკის წმინდა ქონებამ 300 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ შემდეგ გლობალური ეკონომიკური მდგომარეობისა და Twitter-ის გარშემო მომხდარი სკანდალური გარიგების ფონზე Tesla-ს აქციების ფასი დაეცა. შედეგად, გასული წლის დეკემბერში არნომ, LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA-ს ხელმძღვანელმა, მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში გადაუსწრო.