თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (INC) პროგნოზით, 2021/22 წლების სეზონზე მსოფლიო წარმოება, ნაჭუჭინი ფისტას გამოკლებით, 4,99 მილიონ ტონა თხილს მიიღებს. ეს 2020/21 წლიურ სეზონთან შედარებით, 7,99%-ით ნაკლებია. ინფორმაციას FreshPlaza ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსავალი უკვე აღებულია და 2021/22 წლების სეზონის შედარებითი მონაცემები მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოების 54%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - ნათქვამია ანგარიშში. თუმცა INC ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე მიწოდებისა და ლოჯისტიკის ხარვეზები დაფიქსირდა, რაც მოკლევადიანი მიწოდების დეფიციტსა და შეფერხებებს იწვევს.
პროგნოზების მიხედვით, ნუშის წარმოება 1,59 მლნ ტონა მთლიან მოცულობას მიაღწევს, რაც 2020/21 წლიური სეზონის 1,73 მლნ ტონასთან შედარებით, 8%-ით ნაკლებია. კლება, ძირითადად, შეერთებული შტატების მცირე მოსავლიანობის ხარჯზე მოხდება.
ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მეთევზეობისა სამინისტროს უახლესი პროგნოზი ნუშის წარმოების მნიშვნელოვან, 14,6%-იან ვარდნაზე მიუთითებს. მიმდინარე სეზონზე ნაჭუჭინი ნუშის მოსავალი 302,812 ტონას შეადგენს მაშინ, როცა შარშან 354,390 ტონა დაფიქსირდა.
რაც შეეხება კაკალს, შარშანდელი მილიონი ტონიდან წელს წარმოება 984,925 ტონამდე შემცირდა, რაც ჩინეთის საშუალო, ბრაზილიის მცირე და კალიფორნიის მოკლე პერიოდის მოსავლიანობამ განაპირობა მაშინ, როცა 2020/21 წლიურ სეზონზე კალიფორნიამ რეკორდული მოცულობა მიიღო.
ფისტას მოსავალი, 2020/21 წლიური სეზონის 1,05 მილიონი ტონიდან, 729 300 ტონამდე შემცირდა, რადგან შეერთებულ შტატებს, ირანსა და თურქეთს „ცუდი წელი“ ჰქონდათ.
INC-ის შეფასებით, კეშიუს (861,390 ტ), თხილის (541,130 ტ) და მაკადამიას (66,345 ტ) მოსავალი, წინა სეზონთან შედარებით, 3%-დან 7%-მდე მეტი იქნება. 2%-ით გაიზრდება ფიჭვის თხილის წარმოებაც (43 810 ტ), რაც, ძირითადად, ჩინეთისა და რუსეთის კარგი მოსავლის შედეგია.
არაქისის წარმოება, რაც ანგარიშში ცალკე კატეგორიით არის გამოყოფილი, 2020/21 სეზონთან შედარებით, 50,5 მილიონ ტონამდე, ანუ 2%-ით გაიზარდა. ეს ნიკარაგუაში (+ 14%-ით), ბრაზილიაში (+ 9%-ით) და ნიგერიაში (+ 8%-ით) წარმოების ზრდას უკავშირდება. არაქისის წარმოება, ასევე, გაიზარდა ჩინეთში (+ 4%-ით), შეერთებული შტატებში (+ 2%-ით) და ინდოეთში (+ 1%-ით).
INC-ის მონაცემებით, მსოფლიოში მიმდინარე სეზონზე 3,17 მლნ ტონა ჩირს აწარმოებენ, რაც წინა სეზონთან შედარებით, 6,4%-ით მეტია. ამის ძირითადი მიზეზი შავი ქლიავისა და ფინიკის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა უფროა, ვიდრე ქიშმიშისა და ხმელი შტოშის.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"