უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს პროექტის დოკუმენტების განახლებას - ეს არის ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის განახლება და მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი, იმისთვის, რომ ჩვენ დრო არ დავკარგოთ - ამის შესახებ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განმარტებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შერჩევა უკვე დაიწყო.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღეს ფორმალურად დაიწყო კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც წარიმართება ე.წ. კერძო და საჯარო ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში. ეს ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული შერჩევის პროცესია. დღეს ჩატარდა ანაკლიის განვითარების შესახებ ოფიციალური სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა და კომისიამ მოიწონა ინტერესთა გამოხატვის ის პირობები, რომელიც ანაკლიის განვითარების სააგენტომ მოამზადა შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად. ინტერესთა გამოხატვა გაგრძელდება, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში.
ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელთანაც გასული წლის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, დაეგზავნება დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს მოვახერხებთ კერძო პარტნიორის შერჩევას პროექტის განხორციელებაში. ინტერესთა გამოხატვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე, სადაც მოხდება უკვე წინადადების მიღება და დაზუსტება, რა დროის განმავლობაშიც, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველა იმ სპეციფიკური დეტალის განსაზღვრა და დაზუსტება, რომელიც პარტნიორობის პროცესში იქნება საჭირო, მათ შორის, მხარეთა შეთანხმების დოკუმენტი იურიდიულად უნდა გაფორმდეს მიმდინარე წელს. ეს იქნება პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, ასევე კონცესიის შესახებ დოკუმენტი და სხვადასხვა დოკუმენტი, რომლის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს ანაკლიის განვითარების სააგენტოს მიერ. პარალელურად მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტების განახლება, მიმდინარეობს ასევე ბაზრის კვლევების განახლება, დაზუსტება იმ მონაცემების, რაც დღეს რეგიონშია ტვირთებთან დაკავშირებით, ასევე მოხდება იურიდიული დოკუმენტების მომზადება და როდესაც ჩვენ გადავალთ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე, ეს, სავარაუდოდ, იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, გვექნება ეს დოკუმენტები განახლებული და გამზადებული.
რამდენადაც სახელმწიფო აქტიურად აპირებს პროექტის განხორციელებას და ასევე, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოხდეს პროექტის განხორციელება, უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს პროექტის დოკუმენტების განახლებას - ეს არის ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის განახლება და მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი, იმისთვის, რომ ჩვენ დრო არ დავკარგოთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.