აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს აუცილებლად გააძვირებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა.
„ჩვენი სესხების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის და ის ავტომატურად აიწევს, როგორც დოლარში ასევე ევროში. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დეპოზიტებზეც უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი სავარაუდოდ მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე. სესხები ფინანსდება ორივე რესურსით საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრებიდანაც და ადგილობრივი დეპოზიტებით.
ეს გამკაცრება კი ჩვენი ეკონომიკისთვის, მსესხებლებისთვის და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული თანხებისთვის კარგი ნამდვილად არ არის“, — ამბობს ნადარაია.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძეც აღნიშნავს, რომ Fed-ის გადაწყვეტილების ფონზე მოსალოდნელია საქართველოში უცხოურ ვალუტაზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რამდენიმე პროცენტით გაიზარდოს.
გუშინ, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა, რის შედეგადაც 2.25-2.50%-იან ნიშნულს მიაღწია.
საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში გასულ თვესაც 0.75%-ით გაიზარდა - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.