აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს აუცილებლად გააძვირებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 7.31% იყო. ნადარაიას თქმით, სესხების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის და ის ავტომატურად აიწევს, როგორც დოლარში ასევე ევროში.
„FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები საქართველოში აუცილებლად გაძვირდება. ჩვენი სესხების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის და ის ავტომატურად აიწევს, როგორც დოლარში ასევე ევროში. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დეპოზიტებზეც უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი სავარაუდოდ მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე. სესხები ფინანსდება ორივე რესურსით საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრებიდანაც და ადგილობრივი დეპოზიტებით.
ზოგადად ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ეს გამკაცრება კი ჩვენი ეკონომიკისთვის, მსესხებლებისთვის და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული თანხებისთვის კარგი ნამდვილად არ არის“, — ამბობს ნადარაია.
15 ივნისს, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) მონეტარული პოლიტიკა 0.75 პუნქტით გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. FED-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, როდესაც საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0-0.25 პროცენტიდან 0.25-0.5 პროცენტამდე გაზარდა. შედეგად, საბაზო განაკვეთზე მიბმული კრედიტების მომსახურება და მთლიანად დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულება გაძვირდა. მარტის გადაწყვეტილება 2018 წლის შემდგომ განაკვეთის ზრდის პირველი შემთხვევა იყო, ხოლო 0.75 პუნქტით ნახტომისებური ზრდა 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა.