როგორ ჩაიარა 2023 წლის პირველმა კვარტალმა სამშენებლო სექტორისთვის. რა პროექტები დაიგეგმა და რა მოლოდინებია. ამასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ დილის ეთერში სამშენებლო კომპანია „არსის“აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ ისაუბრა.
ბესო ორთოიძის თქმით, გასული წლის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ უძრავი ქონების სექტორში სიტუაცია დასტაბილურდა და ნელ-ნელა ბუნებრივ კალაპოტში ექცევა.
„წელს ბუნებრივ პირობებს ველოდებით უძრავი ქონების სექტორში, შარშან არაბუნებრივი მდგომარეობა იყო. არასტანდარტულად გაიზარდა თვითღირებულება, რეკორდულად გაიზარდა ფასები. წელს ველოდებით რომ ბუნებრივ პირობებში მოექცევა ბაზარი და არაუმეტეს 10% იანი ზრდა იქნება უძრავი ქონების, რაც პირველი კვარტლის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ შესრულებულია და აღარ გვაქვს ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. მოთხოვნის ნაწილიც საკმაოდ სტაბილური გვაქვს და ისეთი აჟიოტაჟი, რაც მიგრანტების ეფექტით და პანდემიის შემდგომი მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული აღარ შეიმჩნევა. დასტაბილურებულია სიტუაცია, რაც ზოგადად კარგია ბაზრისთვის. 10%-იანი ზრდა ჩვენი ბაზრისთვის არის ბუნებრივი,“- განაცხადა ბესო ორთოიძემ.