ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი თბილისს მიადგება, -ამის შესახებ Galt & Taggart-ის ახალი კვლევაში - „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ არის აღნიშნული. თბილისის შემდეგ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აჭარა და მცხეთა-მთიანეთი იქნება. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს შიდა ტურიზმი მნიშვნელოვანია სექტორში კრიზისის შესამსუბუქებლად, თუმცა მისი წონა მცირეა, რადგან ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია.
„თბილისსა და რეგიონში 150-მდე სასტუმრო გამოვკითხეთ, რომ გაგვეგო მათი მოლოდინები. მნიშვნელოვანი არის შიდა ტურიზმი, ის ერთ-ერთი საშუალებაა კრიზისის შესამსუბუქებლად, მაგრამ საქართველოში მისი წილი დაბალია. თბილისის სასტუმროებს არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რადგან შიდა ტურიზმი თბილისზე არ არის აწყობილი, თუმცა რეგიონებში ნაწილობრივ ამის იმედი აქვთ. ზოგიერთ ტურისტულ რეგიონში კრიზისის ეფექტი უფრო მწვავე იქნება, რადგან მეტადაა დამოკიდებული უცხოელ ტურისტებზე, მაგალითად შემიძლია დედაქალაქი მოვიყვანო, სადაც 2019 წელს ადგილობრივი სტუმრების წილი სასტუმროებში მხოლოდ 13%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, - განმარტავს „კომერსანტთან“ საუბრისას Galt & Taggart-ის უფროსი სპეციალისტი კახა სამყურაშვილი.
სასტუმროში Biblioteka Rustaveli „კომერსანტს“ განუმარტეს, რომ ამ დრომდე სასტუმრო დაკეტილია და ჯავშნები არც მომდევნო თვეებისთვის აქვთ.
„სასტუმრო დაკეტილი გვაქვს, რადგან თუ არ იქნება საერთაშორისი ტურისტები, ჩვენს გახსნას აზრი არ აქვს. წელს აქცენტი შიდა ტურიზმზე კეთდება, თბილისში კი ამ შემთხვევაში არავის სჭირდება სასტუმრო, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში. მაგალითად, წინა წლებში სასტუმროში მხოლოდ 5% იყო ქართველები, დანარჩენები სულ უცხოელი ტურისტები გვყავდა. მართალია საზღვრების გახსნას გეგმავენ, თუმცა ამ დრომდე არცერთი ჯავშანი არ გვაქვს, ტურისტული კომპანიებიც კი ვისგანაც ჯგუფური ჯავშნები გვქონდა ხოლმე, შემოდგომაზეც კი გაუქმებულია, არათუ ზაფხულში. ფაქტიურად უფუნქციოდ ვართ დარჩენილები, მართალია ეს სხვა ქვეყნებსაც ეხებათ, ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს ავიამიმოსვლა მალე აღდგება“, - აცხადებენ სასტუმრო Biblioteka Rustaveli-ში.
სასტუმროში „მუზეუმი“ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 5%-ია დაკავებული და არც უახლოეს პერიოდში ელოდებიან ვიზიტორების ზრდას, რადგან გათვლა ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ჰქონდათ.
„შიდა ტურიზმთან დაკავშირებით არანაირი დადებითი მოლოდინები არ გვაქვს. ჩვენ ძირითადად უცხოელ ვიზიტორებზე ვართ დამოკიდებული, ქართველები იშვიათად გვსტუმრობდნენ. ამ ეტაპზე საერთაშორისო ტურიზმიდან ჯავშნები ყოველდღიურად იხსნება. ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც გავიხსენით, თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს მხოლოდ 5% არის დაკავებული, მნიშვნელოვან ცვლილებებს არც უახლოეს პერიოდში ველოდებით. მართალია, იმედი გვაქვს, რომ პირველი ივლისიდან ვითარება გამოსწორდება, მაგრამ დღეის მდგომარეობით წელს არცერთი ჯავშანი არ გვაქვს, ადრე დაჯავშნილებიც გააუქმეს, ახლებს კი არავინ აკეთებს. თუმცა, ჩვენთან საზღვრების გახსნა განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის თუ ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებმაც არ აღადგინეს“, - განაცხადეს სასტუმროში „მუზეუმი“.
ნინო თამაზაშვილი