ავსტრიელმა სნოუბორდერმა ალექსანდერ პაიერმა, რომელმაც ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტურნირის ორგანიზებით უკმაყოფილება გამოთქვა.
პაიერმა მე-3 ადგილი სნოუბორდერთა პარალელურ გიგანტურ სლალომში დაიკავა და ამავდროულად, ტრავმაც მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება მოუხდა.
“სამწუხაროდ, ჩემთვის ტურნირი უკვე მორჩენილია. მუხლის ტრავმა მივიღე“, - განუცხადა ავსტრიელმა სპორტსმენმა გერმანულ Sport1-ს და დასძინა, რომ საშეჯიბრო ტრასის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო.
ავსტრიელი სპორტსმენის პრეტენზიებს იზიარებს გერმანული მხარეც. Sport1 წერს, რომ გერმანიის დელეგაციას ცუდი სტარტის შემდეგ მედლების მოპოვების იმედი მაინც აქვს, თუმცა ამაში სპორტსმენებს ხელი შესაძლოა ტრასების არადამაკმაყოფილებელმა მდგომარეობამ შეუშალოს, რომელიც ზოგ ადგილას ძალიან დაზიანებულია.
როგორც პაიერის, ასევე გერმანელების პრეტენზიები საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისადმია (FIS) მიმართული, რადგანაც ტრასების მდგომარეობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ ეს ორგანიზაცია იღებს. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპოპმა განმარტება საქართველოს სათხილამურო სპორტის ადმინისტრაციის უფროსს სოფო ახმეტელს სთხოვა.
“სათხილამურო სპორტი და სნოუბორდი დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე. მოხალისეების მხრიდან მთელი დღისა და ღამის მანძილზე მიმდინარეობდა ტრასის გასწორება. ამ საქმეში პირადად მეც ვიყავი ჩართული. ტრასის უდიდესი მონაკვეთი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ, ორი დღეა გვაქვს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, იყო ნამქერიც, რის გამოც გარკვეული ნაწილი გაიყინა. ამინდი იმდენად ცუდი იყო, რომ იყო შანსი, დღევანდელი საშეჯიბრო დღე საერთოდ გაუქმებულიყო. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი სრულად ემორჩილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის რეგულაციებს და მოთხოვნებს. ამ ტურნირისთვის მოწყობილ ტრასები სწორედ FIS-მა ჩაიბარა და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ხდება მათი ყოველდღიური შემოწმება“.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანი სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. ტურნირი, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენია ჩართული, 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
წყარო: https://europop.ge