უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ კომპანიებისა, რომლებმაც რუსეთში საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტეს. მათ შორის არიან: Bosch, Raiffeisen Bank, Pfizer, Johnson&Johnson, Hilton, Marriot და სხვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კომპანიებს მოუწოდებს, გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას და რუსეთში მუშაობა შეწყვიტონ. ამასთან, კიევში მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა, მთავრობებმა და მომხმარებლებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას აგრძელებენ.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ბაზარზე თითოეული პროდუქტის გაყიდვით კომპანიებს თავიანთი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, პასუხისმგებლობიან კომპანიებს არ აქვთ მორალური უფლება საქმიანობა გააგრძელონ ქვეყანაში, რომელიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სჩადის მასობრივ სამხედრო დანაშაულს, და როცა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე დაღუპულია 50-ზე მეტი ბავშვი.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან, საერთაშორისო სანქციების გამო, თუ პირადი ინიციატივით, რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ათეულობით უცხოურმა კომპანიამ.
Radiotavisupleba.ge