უკრაინის უმაღლეს რადას თავდაცვის ხარჯების ზრდა სურს. საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განსახილველად წარდგენა მარტის ბოლომდე იგეგმება.ამის შესახებ საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა როქსოლანა პიდლასამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია დრონების შესყიდვის დაფინანსების გაზრდა.
„უკრაინაში დრონების წარმოების ამბიციური გეგმები არსებობს. ასე რომ, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. აქ საუბარია 30 მილიარდ გრივნაზე. ამის ფუნდამენტური მხარდაჭერა არსებობს. პირველი 10 მილიარდი გრივნა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. რაც შეეხება საბიუჯეტო თანხებს, ვიძიებთ წყაროებს. ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებს მას შემდეგ გავიგებთ უკეთ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის საკითხს გადავჭრით“, - განაცხადა საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა.