უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე იგორ ჟავკვამ ის სანქციები ჩამოთვალა, რომლებიც ევროკავშირს რუსეთისთვის ჯერ არ დაუწესებია. ამის შესახებ მან tsn.ua–სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ვმუშაობთ, რადგან ის სანქციები, რომლებიც დღეს მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, არ არის საკმარისი და გაცილებით მეტი უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა შემდეგი სანქციები ჩამოთვალა:
1. სრულფასოვანი SWIFT. არამხოლოდ მეორეხარისხოვანი 7 ბანკი, არამედ ძირითადი ბანკებიც უნდა გაითიშოს საგადახდო სისტემიდან. მათ შორის: სბერბანკი, გაზპრომბანკი და სხვები.
2. ევროკავშირის ყველა პორტი დაიხუროს რუსეთის გემებისთვის.
3. ევროპის ბანკებში მყარ ვალუტაში გახსნილი რუსული ანგარიშების გაყინვა.
4. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმა და უკვე გაცემული ვიზების ანულირება.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი ომის წინ პრევენციულ სანქციებს ითხოვდა, თუმცა ევროპაში ამ მოწოდებას ყურადღება არავინ მიაქცია.