უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა (ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა) არუპ ბანერჯიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას გულისხმობს. - ამის შესახებ ინფორმაცია worldbank - ის საიტზე ვრცელდება.
როგორც PEACE პროექტის ფარგლებში წინა დაფინანსების პაკეტების შემთხვევაში, გრანტი უკრაინის მთავრობას დაეხმარება გადაუხადოს ხელფასები საავადმყოფოს მუშაკებს, მთავრობისა და სკოლის თანამშრომლებს, პენსიები მოხუცებს, ხელფასები საჯარო მოხელეებს და სოციალური დახმარებები გასცეს მოსახლეობის დაუცველი სეგმენტებისთვის.
„მიმდინარე ომისა და ინფრასტრუქტურის მზარდი განადგურების გამო, ჩვენი ვალდებულებაა, რომ სასწრაფოდ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, ეს დამატებით გრანტი გავეცით, რადგან ქვეყანა განიცდის ენერგო კრიზისს, მსოფლიო ბანკის ჯგუფი გააგრძელებს ყველა არსებული რესურსის მობილიზებას, რათა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას თავისი მოქალაქეების გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანხები მნიშვნელოვანია უკრაინელების გადაუდებელი მოთხოვნილებების დასაფინანსებლად.
„ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის გუნდს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, ფინანსური მხარდაჭერისა და უკრაინის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის. ეს საგრანტო თანხები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი ქვეყნის გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად. ეს საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ხელფასების, სოციალური და საპენსიო ხარჯების დაფარვა და დავეხმაროთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მივცეთ მათ შეღავათი აგრესორთან ბრძოლის კონტექსტში,“ - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.
თაკო კვაჭანტირაძე