უკრაინელმა ფერმერებმა 2022 წლის თესვის კამპანია დაასრულეს და პროგნოზირებული ფართობის 95%, ანუ 13,4 მილიონი ჰექტარი ტერიტორია დათესეს. ამის შესახებ აგრარული პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც ადგილობრივი „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.
2022 წლის მოსავლის ძირითადი საგაზაფხულო კულტურებისთვის პროგნოზირებადი სათესი ფართობი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 14,2 მილიონ ჰექტარს შეადგენდა. ეს შარშანდელ მაჩვენებელზე, ანუ 16,9 მილიონ ჰექტარზე 2,8 მილიონი ჰექტრით ნაკლებია.
გასულ წელთან შედარებით, უკრაინელმა ფერმერებმა ფართობის 79,4%-ის დათესვა შეძლეს. კულტურების თესვის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ცვლილება ხორბალს, სიმინდს, მზესუმზირასა და სოიოს შეეხო, ხოლო საგაზაფხულო ხორბლისა და სოიოს ნათესები წინა წლის დონეზე დარჩა.
ამასთან, იმის მიუხედავად, რომ გასულ წელთან შედარებით, მზესუმზირის ნათესები შემცირდა, მათ მაღალი მაჩვენებელი, 4,7 მილიონი ჰექტარი შეინარჩუნეს. თუმცა წელს სიმინდის ნათესებში შესამჩნევი კლებაა და შარშანდელ 5,5 მლნ ჰექტარზე ნაკლები, მხოლოდ 4,6 მლნ ჰექტარი დაითესა. მითუმეტეს, თესვის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ კულტურას შეეხო.
მეორე ყველაზე დიდ ფართობზე, 4,7 მილიონ ჰექტარზე მზესუმზირა დაითესა. ასევე, 1,2 მლნ ჰექტარ ფართობზე სოიო, ხოლო კარტოფილი 1,1 მლნ ჰა-ზე დაითესა.
ამასთან, 2022 წლის მოსავლისთვის ზამთრის მარცვლეულის კულტურები 7,6 მლნ ჰექტარ ფართობზე არის დათესილი. მათ შორის არის ზამთრის ხორბალი და ტრიტიკალი, რომელიც 6,5 მილიონ ჰექტარზე არის დათესილი, ჭვავი - 109 ათას ჰექტარზე, ქერი - 969 მლნ ჰექტარზე, ხოლო ზამთრის რაფსი 1,4 მლნ ჰექტარ ფართობზე დაითესა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თესვის მთლიანი ფართობით უკრაინა მიმდინარე სეზონზე გასული წლის მაჩვენებელს 20-30%-ით ჩამორჩება.